ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მოითხოვს "ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირებას

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს "ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირებას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ პირველი რეზოლუცია მიიღო.


რეზოლუციას სახელწოდებით: "საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ" მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა - ისინი გამოხატავს ევროკავშირის პირდაპირი წესით არჩეული ორგანოს პოზიციას.


დღეს მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ერთობლივად წარადგინა ევროპარლამენტის ხუთმა ძირითადმა ჯგუფმა: ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა, ლიბერალებმა და ევროპელმა კონსერვატორებმა. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.“


რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ, რომ არჩევნები მრავალი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. მათ შორის, ისინი ახსენებენ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, დაშინებას, მოსყიდვას, დამკვირვებელთა შევიწროებას, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების კონფისკაციას, მათ დამცირებას როგორც საარჩევნო უბნების შიგნით, ასევე მათ გარეთ.


„არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელის შეშლის და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციით. ეს ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად“, - ვკითხულობთ ტექსტში.


დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი უარს ამბობს არჩევნების აღიარებაზე და მოითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის“ ქვეშ.


ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებულ ტექსტში ხაზგასმულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაში და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ზიანის მიყენებაში რუსეთისკენ შებრუნების სანაცვლოდ.“


ცნობისთვის, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესებას. ევროკავშირის სანქციების დაწესებას ევროპარლამენტი არ განსაზღვრავს. სანქციების შემოღება მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სრული კონსენსუსით. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამას არ ემხრობა სულ მცირე ოთხი სახელმწიფო: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია და ბულგარეთი. ივანიშვილთან ერთად, რეზოლუცია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების სანქცირებასაც მოითხოვს. მათ შორის არიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. კენჭისყრისას ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს რეზოლუციის ერთი შესწორება, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოში გაგზავნის ტექნიკურ მისიას.


შეგახსენებთ, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღირებს. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის დღევანდელი სხდომაზე მიწვეულები არ იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.


საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი. 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება საპროტესტო აქციის ფონზე ცნო.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.